შპს "ვარდნილჰესების კასკადი"

უკან

შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ შპს „ენგურჰესის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საწარმო აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ რეჩხში მდებარეობს. მის შემადგენლობაშია ოთხი ჰიდროელექტროსადგური: ჰესი I, ჰესი II, ჰესი III და ჰესი IV, რომელთა დადგმული სიმძლავრე 340 მეგავატია.

 

ენგურის კასკადის მშენებლობის მოსამზადებელი პერიოდი 1961 წელს  დაიწყო. 1971 წელს კი ვარდნილჰესების კასკადის ოთხივე სადგურის ცხრავე აგრეგატი ამუშავდა. ამჟამად ფუნქციონირებს მხოლოდ ჰესი I, რომელიც სეზონური რეგულირების 146 მლნ კუბური მეტრის წყალსაცავის მქონე კაშხალთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენს. მისი დადგმული სიმძლავრე 220 მვტ-ს შეადგენს. ჰესი I-ის ექსპლუატაციაშია სამი ჰიდროგენერატორი, თითოეულის სიმძლავრე 73,3 მვტ-ია. საომარი მოქმედებების პერიოდში ჰესი II, ჰესი III და ჰესი IV მთლიანად გაიძარცვა და წყალგამყვნი არხის დონეებამდე დაიტბორა.

 
ვარდნილჰესი I მდებარეობს მდინარე ერისწყლის ხეობაში, გალის ჩრდილოეთით. მასში შედის კაშხალთან არსებული მიწისზედა ჰესი, სამშენებლო გვირაბი, წყალმიმღები, წყალგამტარი ნაგებობები და ღია გამანაწილებელი მოწყობილობა. ვარდნილჰესი I-ის მშენებლობა 1968 წლის 26 ნოემბერს დასრულდა. პარალელურად მიმდინარეობდა დანარჩენი ვარდნილჰესების მშენებლობაც. ისინი განლაგდა წყალგამტარ არხზე- ვარდნილჰეს I-ისაგან 5.5, 10.1, 14.9 კილომეტრის დაშორებით. ყოველ მათგანს წამში კუბური მეტრი წყლის ხარჯვის პირობებში ერთნაირი - 11,2 მეტრი დაწნევა აქვს. II, III, IV ვარდნილჰესების ჯამური სიმძლავრე 120 მვტ-ს შეადგენს (თითოეულის სიმძლავრე 40-40 მვტ-ია).


2011 წლის ივლისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ვარდნილნილჰესი I-ს მოწყობილობების რეაბილიტაციისთვის 20 მლნ ევრო გამოეყო. აღნიშნული პროექტით 2012-2017 წლებში ჰესი I-ის ძირითად და დამხმარე ელექტრომოწყობილობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიცვალა აგრეგატრებისა და 220/110 კვ ხაზების მართვის, დაცვისა და სიგნალიზაციის პანელები. 220/110 კვ ღია გამანაწილებელ მოწყობილობაში სრულად განახლდა ძაბვის აპარატურა, აღდგა სათავე ნაგებობის ელექტრომოწყობილობები, მართვის პანელები და მექანიკური ნაწილი.  


რეაბილიტაციის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, აგრეგატების მუშაობის საიმედოობა და ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდა, ელექტრომოწყობილობების ოპერატიული უსაფრთხოების მდგომარეობა კი გაუმჯობესდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მოწყობილობისა და დანადგარის აღდგენითი სამუშაოები ვარდნილჰესების კასკადზე გრძელდება. 


ბოლო წლებში ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებლებია: 


2015 წელი - 592 მლნ კვტ.სთ; 
2016 წელი - 662 მლნ კვტ.სთ; 
2017 წელი - 670 მლნ კვტ.სთ;  
2018 წლის ბოლოსთვის - 700 მლნ კვტ.სთ.